23:34    2026-03-14   



მეჰდი — დაპირებული ხალიფა უმმეთისთვის


ალ-მაჰდი (რაც ნიშნავს "სწორ გზაზე მყოფს") იქნება სამართლიანი მმართველი, რომელიც გამოჩნდება მუსლიმთა უმმეთის ბოლო პერიოდში, იმ დროს, სანამ იესო, მარიამის ძე (ალლაჰის მშვიდობა მას), ზეციდან არ დაბრუნდება ამქვეყნად. ალ-მაჰდი იქნება ალლაჰის მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) შთამომავალი. მორწმუნეები აიძულებენ მას ხალიფად გახდომას ქააბას წინაშე. ალლაჰი მას სასწაულით დაეხმარება, რაც ყოველგვარ ეჭვს გააქრობს და დაადასტურებს, რომ სწორედ ის არის დიდი ხნის ნანატრი მმართველი, რომლის გამოჩენასაც მორწმუნეები ელოდნენ.

მეჰდის შესახებ ჰადისები ფართოდ გავრცელებულია ისლამურ წყაროებში. ბევრმა ცნობილმა ჰადისის მკვლევარმა, მათ შორის ათ-თირმიზიმ, აბუ დავუდმა და იბნ მაჯამ თავები მიუძღვნეს მეჰდის შესახებ გადმოცემებს.

ზოგიერთი სწავლულის განცხადებით, მის შესახებ არსებული ცნობები ერთსულოვანია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მის შესახებ ნამდვილად ნაწინასწარმეტყველებია ისლამურ წყაროებში.  თუმცა, როგორც ყველა ისეთ საკითხში, რომელიც ჩვენს თვალისთვის დაფარულია, საჭიროა ყურადღებით გავიაზროთ ნათქვამი, გავარჩიოთ სანდო წყაროები საეჭვოსგან და თავი ავარიდოთ მათ, ვინც ცდილობს ამ თემით მანიპულირებას საკუთარი მიზნებისთვის.

მეჰდი გამოჩნდება იესოს მეორედ მოსვლამდე ცოტა ხნით ადრე. ისინი ერთად იბრძოლებენ ცრუ მესიის (ალ-მასიჰ ად-დაჯჯალის) წინააღმდეგ და დაამარცხებენ მას, რაც ნიშნავს რწმენის, მშვიდობისა და სამართლიანობის ეპოქის დაწყებას.

აბუ ჰურაირა გადმოსცემს: ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: 'როგორ იქნება თქვენი მდგომარეობა მაშინ, როდესაც მარიამის ძე ჩამოვა თქვენთან, და თქვენ შორის იქნება თქვენი წინამძღოლი?' (ბუხარი 3265)

ჯაბირი გადმოსცემს: „მოვისმინე ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ამბობდა: 'ჩემი უმმეთიდან ერთი ჯგუფი არ შეწყვეტს ჭეშმარიტებისთვის ბრძოლას და ისინი გაიმარჯვებენ აღდგომის დღემდე'. შემდეგ მან თქვა: „შემდეგ ჩამოვა იესო, მარიამის ძე, და მუსლიმთა წინამძღოლი შესთავაზებს მას, რომ წარუძღვეს ლოცვას, მაგრამ ის ეტყვის: 'არა, თქვენგან ზოგიერთნი არიან სხვების წინამძღოლები, ეს არის პატივი, რომელიც ალლაჰმა ამ უმმეთს მიანიჭა'.“ (მუსლიმი 156)

მეჰდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნიშანი ის არის, რომ იგი იქნება ალლაჰის მოციქული მუჰამადის (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) შთამომავალი, მისი ქალიშვილის, ფატიმას ხაზიდან.

აბდულლაჰ იბნ მასუდი გადმოსცემს: „ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ‘სამყაროს აღსასრული არ დადგება მანამ, სანამ არაბებს არ მართავს კაცი ჩემი ოჯახიდან, რომლის სახელიც ჩემს სახელს დაემთხვევა.’ (თირმიზი 2230)

უმმ სალამ გადმოსცემს: აბდულლაჰ იბნ მასუდი გადმოსცემს: „ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: 'მეჰდი იქნება ჩემი შთამომავლებიდან,  ფატიმას შთამომავლებს შორის.'  (აბუ დავუდ 4284)

მეჰდის გამოჩენამდე ცრუ მესია მოიპოვებს პოპულარობას, რის შედეგადაც დედამიწა აივსება ურწმუნოებით, წარმართობით, ტირანიითა და უსამართლობით. მეჰდი, ალლაჰის ნებით, შეცვლის ამ მდგომარეობას, და მას მხარში დაუდგებიან მართალი მორწმუნეები.

აბუ საიდ ალ ხუდრი ამბობს, რომ ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: მეჰდი იქნება ჩემი შთამომავლობიდან, რომელსაც მოხრილი ცხვირი ექნება. ის აავსებს დედამიწას სამართლიანობით და თანასწორობით, ისე როგორც მანამდე იყო სავსე ტირანიითა და უსამართლობით. იგი იქნება მმართველი შვიდ წელიწადს. (აბუ დავუდი 4285)

აბუ საიდ ალ ხუდრი გადმოსცემს, რომ ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: „ჩემი უმმეთის მიწურულს მეჰდი გამოჩნდება. ალლაჰი დაასაჩუქრებს მას წვიმით, მიწა მოიტანს თავის ნაყოფს, ის გასცემს ბევრ ფულს, საქონელი გამრავლდება და უმმეთი გაიზრდება. მეჰდი მართავს შვიდ ან ცხრა წელიწადს.  (ჰაქიმ მუსთადრაქ 4:557-558)

აბუ საიდი და ჯაბირ იბნ აბდულლაჰი გადმოსცემენ, რომ ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:  მოვა ხალიფა ბოლო პერიოდში, რომელიც გაანაწილებს ქონებას დათვლის გარეშე. (მუსლიმი 2913)

მეჰდის გამოჩენა სწრაფი და უტყუარი იქნება. მრავალი თაღლითი, რომლებიც თავის თავს მეჰდის უწოდებენ, მათგან განსხვავებით, მეჰდი ერთ ღამეში გამოავლენს საკუთარ თავს, და მართალი მორწმუნეები შეთანხმდებიან, რომ ის არის ნამდვილი ხალიფა.

ალისგან გადმოცემულია, რომ ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: მეჰდი არის ერთ-ერთი ჩვენგანი, ჩვენი ოჯახიდან. ალლაჰი გამოასწორებს მას ერთ ღამეში.  (იბნ მაჯა 4085)

ალ-ყარი ამ გადმოცემას შემდეგ კომენტარს უკეთებს: 

ალლაჰი მის საქმეებს ერთ ღამეში გამოასწორებს და აამაღლებს მის მდგომარეობას ისე, რომ ავტორიტეტის მქონეები შეთანხმდებიან მის ხალიფობაზე. (მირყატ ალ-მაფათიჰ 8/3439)

მოხდება სასწაულებრივი მოვლენა, რომელიც მთელს მსოფლიოში მორწმუნეებს მიანიშნებს, რომ მეჰდი მოვიდა.  მეფის გარდაცვალების შემდეგ, სამოქალაქო კონფლიქტის დროს, ძალაუფლების მქონე ბევრი პირი ერთმანეთს დაუპირისპირდება.  მეჰდის ზოგიერთი ადამიანი აღიარებს და აიძულებს, რომ გახდეს ხალიფა, და ქააბას წინ მას ერთგულების ფიცს მისცემენ.  ამ საწყისი პირობების შემდეგ, სირიიდან არმია წავა მეჰდისა და მისი მიმდევრების წინააღმდეგ. ამ არმიას უდაბნო შთანთქავს, რომელიც მუსას დროინდელი ზღვის გაყოფის მსგავსი იქნება.  ამ სასწაულის ხილვისთანავე, სირიის, ერაყის, და მთელი მუსლიმური სამყაროს მორწმუნეები მას აღიარებენ რომ ის ნამდვილად მეჰდია და მასთან ერთგულების ფიცის დასადებად მოვლენ. 

უმმ სალამა გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:  იქნება სიკვდილით გამოწვეული განხეთქილება და ერთი კაცი მედინიდან მექაში გაიქცევა.  მექის ზოგიერთი მკვიდრი მასთან მივა, მისი ნების საწინააღმდეგოდ გამოიყვანებენ და კუთხესა და მაყამს შორის ერთგულების ფიცს მისცემენ.  სირიიდან მის წინააღმდეგ არმიას გაგზავნიან და მათ მექასა და მედინას შორის უდაბნო შთანთქავს. და როცა ხალხი ამას დაინახავს, და როცა სირიის და ერაყის გამოჩენილი ხალხი ამას დაინახავს, მასთან მივლენ და კუთხესა და მაყამს შორის ერთგულების ფიცს მისცემენ. (აბუ დავუდი 4286)

აიშა გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: არმია დაიძვრება ქააბას დასანგრევად და როდესაც ისინი მიაღწევენ უდაბნოს, ყველა მათგანს მიწა შთანთქავს. (ბუხარი 2012)

ამ სასწაულის გარდა, მეჰდის მთავარი ნიშანი მისი გულწრფელობა, თავმდაბლობა და ალლაჰის შიში იქნება.  მას არ სურს ხალიფა იყოს, მიუხედავად იმისა, რომ მართალი კაცია და სწორედ ეს ხდის მას ლიდერობისთვის შესაფერისს.  სუნნა ლიდერობის თანმდებობის დაკავებისგან თავის შეკავებას გვირჩევს, თუ ამის აბსოლიტური აუცილებლობა არ არის. 

აბდურრაჰმან ბინ სამურა გადმოსცემს: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ო აბდურრაჰმან! არ ითხოვოთ რომ იყოთ მმართველი (ე.ი ლიდერი), რადგან თუ მოგეცემათ უფლებამოსილება თქვენს მოთხოვნაზე, თქვენ იქნებით პასუხისმგებლები, მაგრამ თუ მოგეცემათ ისე, რომ არ გითხოვიათ, მაშინ ამაში ალლაჰი დაგეხმარებათ.... (ბუხარი 7146)

ამგავარად, ადამიანები, რომლებიც აცხადებენ რომ მეჰდია და ამის სანაცვლოდ სიმდიდრეს ითხოვენ, ისინი მატყუარები არიან.  მეჰდი არ გამოაცხადებს, რომ მეჰდია და არც ხალიფობა სურს და არც არავითარ სარგებელს არ ითხოვს ხალხისგან. შუამავალმა მუჰამადმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) გაგვაფრთხილა ამ მატყუარების შესახებ:

სავბანი გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: 'იქნება ოცდაათი მატყუარა ჩემს უმმეთში, ყველა მათგანი იტყვის, რომ მოციქულია, მაგრამ მე უკანასკნელი მოციქული ვარ და ჩემს შემდეგ აღარავინ იქნება.  (თირმიზი 2219)

აბუ ჰურაირა გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:  'უკანასკნელი საათის მოახლოების დროს თაღლითები გამოჩნდებიან, მატყუარები, რომლებიც მოგიტანენ ისეთ ამბებს, რომლებიც არასდროს გსმენიათ თქვენ და არც თქვენს მამებს. ფრთხილად იყავით, რათა შეცდომაში არ შეგიყვანონ და განსაცდელში არ ჩაგაგდონ.'  (მუსლიმი 7)

იბნ უმარი გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: 'უკანასკნელი საათის მოახლოების დროს გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც რელიგიით მოატყუებენ მსოფლიოს და თავგზას აურევენ ხალხს. მათი კანი ცხვარივით რბილია, მათი სიტყვები შაქარზე  ტკბილი, მაგრამ მათი გულები მგლის გულივითაა.'
(თირმიზი 2404)

ამგვარად ყველა, ვინც ამტკიცებს, რომ მეჰდია მას ეჭვის თვალით უნდა შეხედოთ და არა მხარდაჭერით.  და ბოლოს, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ მეჰდის შესახებ გადმოცემები არ არის იმის საბაბი, რომ უმოქმედოდ ვიჯდეთ და მხოლოდ მეჰდის და იესოს ('ისას) მოსვლას ველოდოთ . 

დაე ალლაჰმა დაგვიფაროს თაღლითებისგან და გაგვაერთიანოს მართლმორწმუნეებთან. ამიინ. და ალლაჰმა უკეთ იცის.